logo
ENG



გუმათში ვითარება დაიძაბა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

13 აპრ 202123:21
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ გუმათში, კომპანია ENKA-ს ოფისთან, სადაც "რიონის მცველები" ღამეს ათენებენ, ვითარება დაიძაბა. 

დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. ფორმულა მათ შესახებ ინფორმაციას შსს-ში აზუსტებს. 

მაშინ, როცა დემონსტრანტებმა კომპანიის ოფისთან გადმოინაცვლეს, გადაკეტეს ნამოხვანამდე მისასვლელი გზა. თქვეს, რომ გაატარებდნენ მოსახლეობას, კომპანია ENKA-ს თანამშრომლებს და მათ კუთვნილ მანქანებს კი გადაადგილების უფლებას არ მისცემდნენ. 

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ინციდენტი ადგილზე სწორედ ენკას მანქანის მოსვლას მოჰყვა.

"მომართულია ხელისუფლების ხელი ჩვენ წინააღმდეგ. ბიჭები დახვდნენ ენკას მანქანებს მშვიდობიანად, ხელებაწეულები, არ ვატარებდით. პირდაპირ დარბევაზე გადმოვიდა პოლიცია, მიახეთქეს ადამიანები მანქანებს. არავის ინდობენ. ადამიანები ლამის ჩაცვივდნენ ცეცხლში, რომელიც გასათბობად გვქონდა დანთებული. ერთი ადამიანი დაეცა ცეცხლზე და იქვე წამოვაყენეთ, თორემ მართლა საშინებელა მოხდებოდა".

მისივე თქმით, აქცია გაგრძელდება.

"რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ხვალაც. არ ვიცი, როდემდე აპირებენ ისინი, ამ ფორმით და გზებით გააგრძელონ თავის მოსახლეობასთან ომი". - თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე დღეა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ.

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში". 


close დახურვა