საგარეჯოში, ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებული კაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, დანაშაულები 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს - 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შემთხვევა 29 ნოემბერს, მოხდა. დაჭრილი ქალი ამ დრომდე კლინიკაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.