რუსეთის ასობით მოქალაქე დასავლეთისგან დაწესებულ სანქციებს თავს საქართველოში ჩამოსვლით არიდებს.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა.
დავითაშვილისვე მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეები შემოდიან, ვინაიდან "საქართველო რეგიონში ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძულია".
მან აქცენტი ეროვნებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ლეგალურად მუშაობის უფლება ყველას უნდა მიეცეს.
"რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დღეს საქართველოში მოდიან... საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვისაა საინტერესო, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან. საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილი იყო და გახსნილია და ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულები, რომ ჩვენ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი საქმიანობისთვის. გახსნილი, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ქვეყანას.
ამიტომ, თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ, თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად - ჩვენთვის ასე იყო ყოველთვის, რომ ეროვნების ან სხვა ნებისმიერი მახასიათებლის მიუხედავად, იქნება ეს რელიგია თუ სხვა და სხვა, ჩვენ მივცეთ ადამიანებს ლეგალურად, კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება". - თქვა ლევან დავითაშვილმა.
მას შემდეგ, რაც უკრანაში შეიჭრა, დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. საქართველო სანქციებს არ შეუერთდა. ამასთან, რუსეთმა 15 ქართულ კომპანიას უფლება მისცა, რუსეთის ბაზარზე რძე და რძის პროდუქტები შეიტანონ.