logo
ENG



დავითაშვილი შოვზე: მსგავსი ტიპის ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში

07 აგვ 202316:06
3 წუთის საკითხავი
 
დავითაშვილი შოვზე: მსგავსი ტიპის ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".

"მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე, ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს და გავაკეთოთ და გვაქვს ან გვექნება მომავალში, შეიძლება, მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ, შეიძლება, დაცვა ვერ მოვახერხოთ.

ამაზე უფრო დეტალურად სპეციალისტები საუბრობენ, თქვენ მოისმინეთ არაერთი წამყვანი გეოლოგის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე და შოვის კონკრეტულ სტიქიასთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, ჩვენ მყისიერად იმ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და სამწუხაროდ, ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ, დადგებოდა", - განაცხადა დავითაშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა, რომ ქვეყანას დღეს რესურსების პრობლემა არ გააჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ სტიქიებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში "უძლურები" არიან.

"ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია ან რაღაცების თავიდან არიდება, ალბათ, შეუძლებელია ხოლმე.

ასეთი რამ ხდება არამხოლოდ საქართველოში, ხდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები არიან უძლური სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის კუთხით", - თქვა მინისტრმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   


close დახურვა