35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი გეთიაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი პირი, პოლიციის მაღალჩინოსანი ფიგურირებს.
როგორც დაკავებულის მეუღლე ყვება, გეთაშვილმა, მასზე და მუმლაძეზე პოლიციელების მხრიდან თავდასხმისა და მუქარის ფაქტზე ინფორმაცია, სწორედ ამ მაღალჩინოსანს მიაწოდა, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
„თვითონ გიორგი ვერ გაახმაურებდა ამ ფაქტს და ვერც რიგით პოლიციელს მოუყვებოდა ამ ამბავს, რადგან როგორც გიორგი ყვება, პოლიციელები მას დაემუქრნენ ოჯახით. ცხედრის აღმოჩენამდე ორი დღით ადრე, გიორგი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვდა ამ პიროვნებას და მიაწოდა ინფორმაცია. მან გიორგის უთხრა რომ წასულიყო და მშვიდად ყოფილიყო. თუმცა, მისი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა, გიორგი დაკავების ღამეს კი მთელი ღამე რუსთავის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, რაც ბადებს ეჭვს, რომ გიორგიზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა არ გაემხილა ამ მაღალჩინოსნის ვინაობა. სანამ გიორგი შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდოდა, დამირეკა და მითხრა, რომ უნდა შეხვედროდა ამ პიროვნებას და მისი სახელი ამ სატელეფონო ჩანაწერშია," - აცხადებს გეთაშვილის მეუღლე, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზემოთხსენებული მაღალჩინოსნის ვინაობას არ ასახელებს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში სახელმწიფო ინტერესია, რადგან პოლიციელების ბრალეულობა იკვეთება.
"ის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია და ექნებოდა ინტერესი გიორგი გაჩუმებულიყო, რათა მიჩქმალულიყო პოლიციელების ბრალეულობა. გიორგიმ მოუყვა მას, მაგრამ რეაგირება არ მოახდინა. გიორგი ედავებიან იმას, რომ დანაშაული დაფარა და ცრუ ჩვენება მისცა, მაგრამ ეს არ არის ცრუ ჩვენება, რადგან როცა ოჯახის წევრის ამოწყვეტით გემუქრებიან, ვერ მოუყვები რიგით პოლიციელს. ამიტომ მიმართა ამ ადამიანს და იმის ნაცვლად რომ დაეცვათ, რათა პოლიციელების მუქარა რეალობად არ ქცეულიყო, არანაირი მოქმედება არ მომხდარა. ჩემი ინფორმაციით, ამ მაღალჩინოსანმა გიორგისგან გაიგო პოლიციელების ბრალეულობის ამბავი. ლოგიკურად მივდივართ იმ აზრამდე, რომ მხოლოდ ზურა არ იყო განწირული და განწირული იყო გიორგიც. დატოვეს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელებმა იცოდნენ რომ დაბრალდებოდა გიორგის, მერე ზურას ოჯახის ბუნებრივია გამწარდებოდა, გადაგვეკიდებოდა და მოკლავდნენ გიორგის. მეორე მკვლელობა არ აიღეს საკუთარ თავზე, თუმცა შეიცვალა სიტუაცია და ამბავი იმაზე ადრე გასკდა, ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ. ჩვენ ჩავატარებთ დამოუკიდებელ გამოძიებას. პრემიერმა თქვა, რომ ვერ ხედავს სისტემურ პრობლემას, მაგრამ ეს სწორედ შიდა სისტემური პრობლემაა და სისტემა შიგნიდან ლპება და მხოლოდ იმიტომ რომ ეს არ შეირაცხყოს სისტემურ პრობლემად, მოხდება სხვა ადამიანებზე ხელის შეხოცვა," - აცხადებს ბრალდებულის ცოლი.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი, მტკვარმა რუსთავში გამორიყა. მას ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდა. ცხედარს, სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საქმეზე 5 პირია დაკავებული. მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელია. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. გამოძიება გეთაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, კონკრეტულად კი 25-143-3ა ნაწილით ედავება, რაც ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას ითვალისწინებს.
გეთაშვილის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის ინფორმაცით, საქმეში კიდევ ერთი პირი, მკვლელობის დამკვეთი ფიგურირებს და ის საქართველოში მოღვაწე, გავლენიანი ქართველი ბიზნესმენია. ადვოკატი ბიზნესმენის ვინაობას ჯერ არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ გამოძიებამ მის შესახებ უკვე იცის.