logo
ENG



დაზვერვა: რუსეთი უკრაინის ქალაქებზე მასობრივ თავდასხმას ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდა

10 ოქტ 202219:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/10/6iek60scpma5qj3.png

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმების დაწყების ბრძანება ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში მიიღეს.

დაზვერვაში ამბობენ, რომ კრემლმა თავდასხმის დაწყება ოკუპანტებს 2-3 ოქტომბერს დაავალა და მთავარი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები უნდა ყოფილიყო.

"მასობრივი სარაკეტო თავდასხმების მიზანი უნდა ყოფილიყო კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მჭიდროდ დასახლებული ქალაქები და ცენტრალური რაიონები. 8 ოქტომბერს რუსეთის აეროდრომ ოლენიადან გადაიტანეს 7 სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი აეროდრომ ენგელსზე. ასევე მობილიზებული იყო კალიბრის ტიპის 40 რაკეტა. კიდევ ერთი სამიზნე იყო თბოელექტროსადგური. ოკუპანტებს სურდათ უკრაინელებში პანიკა დაეთესათ და ევროპა დაეშინათ", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვაში.

დღეს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა ყირიმის ხიდის აფეთქებაზე რუსეთის პასუხია. მან ყირიმის ხიდის აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

***

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნიპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.

 

 

 

 


close დახურვა