logo
ENG



დაკითხვიდან გამოსული მამა ილარიონი: არ იყო საზღვარი სწორად შეთანხმებული

15 ოქტ 202017:02
3 წუთის საკითხავი
 
cib6zxqsw1ao5hv.png

დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი ილარიონი პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანთან არასწორად იყო შეთანხმებული, რადგან ტაძრები ჩვენს ტერიტაზე არ დაფიქსირებულა. 

"2004 წლიდან დღემდე იქ ვმსახურობ და ამ ხნის მანძილზე, რაც მე ამ საქმის შესახებ ჩემი ყურით მომისმენია და ჩემი თვალით მინახავს, იმაზე ვისაუბრე. არ იყო საზღვარი სწორად შეთანხმებული, ვინაიდან ჩვენი მონასტრები არ იყო ჩვენს მხარეს დაფიქსირებული. პოლიტიკურ სარჩულზე არ ვიცი, ვერ გეტყვით, მემგონი, გამორიცხულია", - ამბობს მამა ილარიონი. 

დავითგარეჯის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანთან ამ დრომდე არ არის შეთანხმებული. ტერიტორია ორ სახელმწიფოს შორის კვლავ სადავოდ რჩება. 

7 ოქტომბერს დაკავებულ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ ხელმძღვანელებს ნატალია ილიჩოვას და ვალერი მელაშვილს პროკურატურა "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას" ედავება. 

დღეს, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ილიჩოვა და მელაშვილი 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. 

თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.

პროკურატურა რუსეთში მომუშავე ქართველი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის, მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ.

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების უსაფუძვლობას ამტკიცებს საქმეში არსებული ჩვენებებიც. 


close დახურვა