პანდემიის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადასვლის პარალელურად, უპასუხოა კითხვა - როდის მიაღწევს კორონავირუსით ინფიცირების მასშტაბი პიკს. ამ მოტივით მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ითხოვს პრეზიდენტისა და პარლამენტისგან - 10 მაისამდე.
ხვალ 21 საათიდან კი ოთხ დიდ ქალაქში, - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში შესვლა და გასვლა აიკრძალება.
პრემიერი აცხადებს, რომ ახლა მთავრობა ორ ფრონტზე იბრძვის, მოქალაქეების ჯანმრთელობის და ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად. გახარია ვირუსის შენელებისთვის სასწრაფო ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს, მაგრამ ამ ფონზეც კი ხელისუფლებამ ვერ დაასაბუთა, რატომ აქვს შერჩევითი სტანდარტი ეკლესიასთან მიმართებით.
მთავრობა მოსახლეობას სააღდგომოდ საფლავებზე გასვლას უკრძალავს, ხალხმრავალ ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დროს დასწრებაში კი კანონდარღვევას ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.