ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის თქმით, აქვთ წინადადები, რომელსაც პარტიებს შესთავაზებენ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, თუ არის შესაძლებელი, რომ მოდერატორმა პოლიტიკურ პარტიებს შეხვედრაზე რაიმე წინადადება შესთავაზოს.
დანიელსონის განცხადებით, ეს წინადადებები შეთანხმებაში დაეხმარებათ, თუმცა, მისივე თქმით, მთავარი კვლავ პარტიებზეა დამოკიდებული.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ პარტიებს. ჩვენ გვაქვს წინადადებები, რაღაც იდეები, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ და გავუზიარებთ პარტიებს, იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, პარტიებმა უნდა მოიძიონ კომპრომისი და ჩვენ დავეხმარებით მათ ამ საქმეში", - თქვა დანიელსონმა.
დანიელსონს პოლიტიკური პატიმრების თემაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:
"თქვენ იცით იმ 6-პუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა წარადგინა. ჩვენ ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემასა და შერჩევითი სამართლის საკითხებზე და ამ კონტექსტში ეს საკითხები განიხილება.
არსებითი და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სტრუქტურული რეფორმების გატარება. ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა როგორც სახელმწიფოს ქმედებების მიმართ სხვადასხვა საკითხებში, ასევე, რა თქმა უნდა, არჩევნების მიმართ. ამიტომაც, პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულების საკითხი და საარჩევნო კანონმდებლობა".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. დანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს.
ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
- რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.