logo
ENG



დანიელსონი დღეს ჯერ ქართულ ოცნებას, შემდეგ ენმ-სა და რესპუბლიკელებს შეხვდება

29 მარ 202112:59
3 წუთის საკითხავი
 
დანიელსონი დღეს ჯერ ქართულ ოცნებას, შემდეგ ენმ-სა და რესპუბლიკელებს შეხვდება
ფოტო: ფორმულა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს ქართულ ოცნებასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შეხვდება.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი შვედი დიპლომატი 14:00 საათზე მმართველ პარტიას შეხვდება, ხოლო 15:00 საათზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და რესპუბლიკურ პარტიას. დანარჩენ პარტიებთან შეხვედრების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ქართული ოცნება შედეგებზე ორიენტირებული მხარე იქნება. 

პარტიებთან შეხვედრამდე დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდადანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს. 

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 


close დახურვა