logo
ENG



დეგნანი: მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემის რეფორმის დაკარგული შესაძლებლობა იქნება

19 ივნ 202112:47
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემის რეფორმის დაკარგული შესაძლებლობა იქნება
ფორმულა/ვახო ქარელი

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მოუწოდებს ახლა უკვე პარლამენტს, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უზენაეს სასამართლოში, რაც მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ჟურნალისტებთან საუბარში კელი დეგნანი საუბრობს იმაზეც, რომ ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს საქართველოს სასამართლო სისტემა.

"თუკი მოსამართლეები დისკუსიებამდე, ყველა მხარის ჩართვით სასამართლო რეფორმის პაკეტის შემუშავებამდე დაინიშნებიან, ეს იქნება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების ძირის გამოთხრა და, შესაძლოა, უფრო მეტიც, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა", - ამბობს ელჩი და იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირაში პარლამენტი "ძალიან სერიოზულად" აიღებს მის პასუხისმგებლობას და შეასრულებს იმას, რისი ვალდებულებაც აქვს 19 აპრილის შეთანხმებით. 

ელჩი აღნიშნავს, რომ "ძალიან იმედგაცრუებულები" არიან რეფორმის დაწყებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 9 მოსამართლის პარლამენტისთვის წარდგენით. 

"რამდენადაც, სასამართლო სისტემა ესაა ცალკე შტო ხელისუფლებისა, რთულია გაიგო, რატომ არ იყენებენ შესაძლებლობას, გაუმჯობესდეს სისტემა. 

ჩვენ მრავალი წლის თანამშრომლობა გვაკავშირებს ამ კუთხით, დაახლოებით 25 წელია აშშ ეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში, თუმცა ესაა პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება იქნებოდა გათვალისწინებული", - ამბობს დეგნანი. 

მისი თქმით, ახლა უკვე ყველაფერი პარლამენტზეა დამოკიდებული. 

"გამოჩნდება რამდენად ერთგულნი არიან 19 აპრილის შეთანხმებისა, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდებოდა, მხარეები საუბრობდნენ იმ საკითხებზე, რაზეც უნდა შეთანხმებულიყვნენ და საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას.

აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სასამართლო რეფორმა, იმისათვის, რომ ამ შეთანხმების პირობა ჩაითვალოს განხორციელებულად, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. 

თუ ეს ასე არ მოხდება ეს წამოჭრის გარკვეულ შეკითხვებს, შეთანხმების შესრულების კუთხით".

ელჩი აღნშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არგუმენტები, მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობაზე, "დაუსაბუთებელია".

"ის, რომ სასამართლო სისტემაში არ არიან საკმარისი მოსამართლეები და მოსამართლეთა არდანიშვნა გამოიწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს, ეს არაა დასაბუთებული. საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით სისტემაში საკმარისი რაოდენობით მოსამართლეა", - თქვა ელჩმა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. მათი თქმით, ამით ქართული ოცნება მიშელის შეთანხმებას არღვევს.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე, კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა