logo
ENG



დეგნანი: პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით სწორია დემოკრატიული განვითარებისთვის

05 დეკ 202115:27
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით სწორია დემოკრატიული განვითარებისთვის

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არჩევნების სრულად პროპორციული წესით და დაბალი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, არის ის, რაც სწორია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არაერთხელ შეთანხმდნენ. 

"პარტიები მრავალჯერ შეთანხმდნენ საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე, სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასა და ბარიერის შემცირებაზე. ეს პროცესი 2019 წლიდან დაიწყო, რასაც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება მოჰყვა. მნიშვნელოვანი დებატების და დისკუსიის შემდეგ ისინი კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს იმ პარტიების მრავალფეროვნება, რომლებიც პარლამენტში შევლენ და საზოგადოების ყველა ნაწილის პერსპექტივას ასახავენ. 

იმას, რომ შეთანხმება არსებობს, ასახავს საკონსტიტუციო კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაც. ეს არის ის, რაც სწორია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს არის ის, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მრავალ სხვადასხვა გარემოში შეთანხმდნენ. ასე რომ, არაფერი შეცვლილა". - თქვა ელჩმა. 

პარლამენტში შეწყვეტილია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომელიც საარჩევნო რეფორმას ითვალისწინებს. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1-ლ დეკემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო კანონპროექტის დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული"

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემით უნდა ჩატარდეს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, 120+30 სისტემით და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. 

ეს პირობა შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტმა შეცვალა, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 

თუმცა, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა მეორე მოსმენისთვის ბარიერის 3%-მდე გაზრდის შესახებ ისაუბრა.


close დახურვა