logo
ENG



დეკანოიძე: ილიჩოვა და მელაშვილი მახინჯი მართლმსაჯულების სისტემის მსხვერპლები არიან

20 იან 202112:32
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რუსთავის ქალთა კოლონიასთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერ აქციას მართავენ. სწორედ, დღეს 20 იანვარს ქალთა კოლონიაში უნდა დაუზუსტონ ბრალი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვას. აქციის მონაწილე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, მუდმივად უნდა შეახსენონ საზოგადოებას, რომ ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი და კიდევ არა ერთი ადამიანი მახინჯი მართლმსაჯულების სისტემის მსხვერპლია.

დეკანოიძის თქმით, მელაშვილი და ილიჩოვა წინა ხელისუფლების დისკრედიტაციის გამო არიან დაკავებულები.

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რამხელა უსამართლობას აქვს ადგილი, როდესაც ეს ორი ადამიანი, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ამორალური ბრალდებით დაკავებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ასე დაჭირდა პროპაგანდას. პროპაგანდა, რომელიც გაავრცელეს წინასაარჩევნოდ, წინა ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას - ეს ადამიანები და ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი არის სისტემის მსხვერპლი, მახინჯი მართლმსაჯულების სისტემის მსხვერპლი", - აცხადებს დეკანოიძე.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა