logo
ENG



დეკანოიძე შაქარაშვილის საქმეზე: მაღალჩინოსნებმა უნდა შეწყვიტონ ბრალდებულთა მფარველობა

04 ივლ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება და პროკურატურისგან ექსპერტიზის პასუხების დროულ გასაჯაროებას ითხოვს. დეკანოიძე პარალელს ხორავას ქუჩის საქმესთან ავლებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

ხატია დეკანოიძე ასევე საქმეში მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერმა მაღალჩინოსანმა უნდა შეწყვიტოს იმ ადამიანების მფარველობა, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ.

„იმისთვის, რომ კითხვები არ გაჩნდეს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს ყველა კითხვას პასუხი საჯაროდ, მათ შორის, ძალიან მალე დაიდოს ექსპერტიზის პასუხი და ყველაზე მნიშვნელოვანი:  ნებისმიერმა მაღალჩინოსანმა უნდა შეწყვიტოს იმ ადამიანების მფარველობა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ საქმესთან“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

საქმის პარალელურად, ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიების მიმართ შენიშვნები აქვთ იურისტებს. მათი აზრით, გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიდის და წაყენებული მუხლები უფრო მძიმე უნდა იყოს. 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა