logo
ENG



შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

28 ივნ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არსებული გარემოებებით მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ დასტურდებოდა. შესაბამისად, ისინი ითხოვდნენ, სასამართლოს დაკავებულების მიმართ გირაო ან აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა არ გამოეყენებინა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა