იურისტი დავით ჯანდიერი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება. როგორც მან გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება აფიქრებინებს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.
„აქ საკითხი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს, პირველი, მანამ გამოძიების ხარვეზებზე იქნება საუბარი, მანამდე როგორი იყო სახელმწიფოს რეაგირება და თუ ჩვენ ზოგადად სახელმწიფოს ვალდებულების ჭრილში განვიხილავთ ამას, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ დაიცვას სიცოცხლე, როგორც კი მისთვის გახდა ცნობილი, რომ რეალურად არსებობს საფრთხე სიცოცხლის ხელყოფის. ამ შეფასებას ვაკეთებ იაკობ ბრეგვაძის 112-ში დარეკვასთან დაკავშირებით და ეს არის საკმაოდ სერიოზული და მძიმე ამბავი. ბრეგვაძის განმეორებითი ჩვენება მაფიქრებინებს, რომ გამოკითხვის ოქმი იყო იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ყოფილიყო არიდებული. მან განახორციელა მეორე ზარი 112-ში, რომლითაც მან ფაქტობრივად უარი თქვა პირველ ზარზე, რომ გარკვეული საფრთხე არსებობდა“,-აცხადებს დავით ჯანდიერი.
როგორც ადვოკატები ამბობენ, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 19 ივნისის ღამეს მომხდარის შესახებ 112-ში დარეკა და პოლიციას კონფლიქტის შესახებ აცნობა. ამის შემდეგ მან 112-ში კიდევ ერთი ზარი განახორციელა და განაცხადა რომ კონფლიქტი ამოწურული იყო. ადვოკატების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის შესახებ ზარი განხორციელებული იყო, სამართალდამცველები საკითხით აღარ დაინტერესებულან.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.
შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
დაკავებული პირებიდან არცერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.
ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.