უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებია გაწევის სტანდარტებს", - ამბობს დენისოვა.
უკრაინის ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობასა და მისი მესამე ქვეყნის კლინიკაში გადაყვანის შესახებ.
"მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე და მესამე ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება", - აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად".
სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს.