ქართველი დიპლომატების თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
როგორც საქართველოს სხვადასხვა თაობის კარიერულმა დიპლომატებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და დიპლომატებს არ მისცა საშუალება, უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
"უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობისა და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად, ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამძაფრდა.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა პროფესიონალ ქართველ დიპლომატებს, შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა - უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებების თანახმად, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ყველა ქართველ დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შეუძლია შეუერთდეს ამ განცხადებას", - ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.