logo
ENG



დიღმელაშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე: გაგვაწნავენ სილას, მიიღებენ პანჩურს

13 ნოე 201917:32
3 წუთის საკითხავი
 
qluvq0925iq3x7t.jpg

პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტის წინ მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან სიტყვითაც გამოდიოდნენ. კენჭისყრის გადადების შემდეგ მოძრაობის ლიდერებმა მასშტაბური აქცია დააანონსეს, რომელიც პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყება. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუების საშუალება არ უნდა მისცენ. მათი თქმით, ყველას ახსოვს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ გააუქმებდნენ მაჟორიტარულ სისტემას და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

„მთავარი მიზანია 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, როგორც შეგვპირდნენ ჩვენ, ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას. უბრალოდ, ალბათ, მიიღეს კვლევის შედეგები, ნახეს, რომ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეა და გადაწყვიტეს მოუწყონ საზოგადოებას გამოცდა და გააწნან სილა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ თუ სილას გაგვაწნავენ, პანჩურს მიიღებენ," - განუცხადა ფორმულას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

„რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი კი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში საზოგადოება ივანიშვილის წინააღმდეგ ერთსულოვნად გაერთიანდება.

„ამ ინიციატივის უკან წაღება გამოიწვევს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ივანიშვილის წინააღმდეგ მასობრივ საპროტესტო ერთსულოვნებას. ივანიშვილი ცუდად თამაშობს, დღეს მან წააგო, გუშინაც წააგო," - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მიმდინარეობდა სესია, რომელზეც დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ ცვლილებისთვის - საპარლამენტო სისტემა გადავიდეს მაჟორიტარულიდან პროპორციულ მოდელზე. საკითხის კენჭისყრა გადაიდო და ის ხვალ, 14 ნოემბერს შედგება. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დროს წელავს და სურს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდოს. ეს ეჭვები კი გამოიწვია მმართველი გუნდის რამოდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებამ, რომლებმაც 12 ნოემბერს განაცხადეს, რომ ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და იმ შემთხვევაში თუ პარტიაში აზრის შეცვლას აიძულებენ, დეპუტატის მანდატს დატოვებენ.


close დახურვა