დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ჯამში ჩაპლინოს დასახლებისა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსეთმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
"ჩაპლინო ჩვენი დღევანდელი ტკივილია. ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან ხუთი ადამიანი მანქანაში დაიწვა, დაიღუპა 11 წლის მოზარდი, რუსულმა რაკეტამ მისი სახლი გაანადგურა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსებმა უკრაინის სხვა ნაწილებშიც მიიტანეს საჰაერო იერიში.
CNN-ის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნოკოვმა თქვა, რომ მხოლოდ კიევში საჰაერო განგაში 8-ჯერ ჩაირთო. მისი განცხადებით, უკრაინის დიდ ქალაქებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შორს არიან ფრონტიდან, იყო საჰაერო დარტყმები.