დნეპროპეტროვსკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, დნიპროში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი.
14 იანვარს დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ ეს იყო რუსული X-22 რაკეტა, გასროლილი ტუ-22M3 ბომბდამშენის მიერ.
"950 კილოგრამიანი რაკეტა, რომელსაც „ავიამზიდის მკვლელი“ ჰქვია, შექმნილია ზღვაზე ავიამზიდების ჯგუფების გასანადგურებლად, ის შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული ნაწილით. და ასეთ რაკეტას ისვრიან მჭიდროდ დასახლებულ ქალაქზე, სადაც ხალხია." - განაცხადა მან ტელევიზიით.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ იპოვიან ყველას „ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა მაქსიმალურად აგებს პასუხს“.