logo
ENG



დოლიძე: ადეკვატური იქნება თუ პარლამენტი ქადაგიძის თემის განხილვას გადადებს

16 მარ 202009:57
3 წუთის საკითხავი
 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოზიციაზე, ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტში კენჭს ხვალ უყრიან.  საბჭოს არამოსამართლე წვერი ანა დოლიძე მიიჩნევს, კენჭისყრა კორონავირუსის გამო უნდა გადაიდოს.

„ადეკვატური იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი გადადებს ამ თემას. წელიწადნახევარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოვალეობის შემსრულებელია და გაგრძელდეს ეს ვითარება, სანამ არ იქნება ის გარემო, სადაც შევძლებთ, რომ მშვიდად და კვალიფიციურად ვიმსჯელოთ უზენაესი სასამართლოს მომავალზე. სხვა შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ "ოცნებამ" იხელთა დრო, როდესაც მთელი ქვეყნის ყურადღება ჯანდაცვის თემებზეა მიპყრობილი და თანამდებობაზე დანიშნა ადამიანი, რომელიც ამას არ იმსახურებდა“, - განაცხადა დოლიძემ. 

ოპოზიცია კი,  ზოგადად,  ქადაგიძის კანდიდატურას უარყოფითად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქადაგიძე თანამდებობას არ შეეფერება, ვინაიდან მისი კვალიფიკაცია არასათანადოა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გაიმართება, რაც ქადაგიძე იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქადაგიძის დანიშვნით საბოლოოდ დასრულდება ხელისუფლების მიერ სასამართლოს მიტაცების პროცესი.

„ეს არის ფორმალური შეხვედრა. ხვალ რომ აღმოჩნდეს, რომ მას დიპლომაც არ გააჩნია, პროცესებს ხელს ვერავინ შეუშლის. ეს არის სასამართლოს კლანის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც მმართველი გუნდი სიამოვნებით დაამტკიცებს და ამით საბოლოოდ მოხდება უზენაესი სასამართლოს დაპყრობა ერთი ადამიანის მიერ“, - აცხადებს გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე კი აცხადებს, რომ ქადაგიძე არის ე.წ. ჩინჩალაძის კლანის წევრი.

„ეს არის სასამართლო მმართველი კლანის წარმომადგენელი. იყო 2018 წლის ცნობილ სიაში. არის ჩინჩალაძის ჯგუფის წევრი, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს ატარებს. ბუნებრივია, მას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა.

ქადაგიძეს საბჭოს 13 წევრიდან, 12-მა დაუჭირა მხარი.


close დახურვა