logo
ENG



დროა: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეუერთდეს დასავლეთის პოზიციას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ

22 თებ 202212:25
3 წუთის საკითხავი
 
დროა: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეუერთდეს დასავლეთის პოზიციას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ

პოლიტიკური პარტია დროა აცხადებს, რომ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების - დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, ასევე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში „მშვიდობის დამყარების“ მიზნით სამხედრო ძალის გაგზავნის ბრძანებას.

პარტიის შეფასებით, ეს საერთაშორისო სამართლითა და გაეროს წესდებით განსაზღვრული საბაზისო პრინციპების - საზღვრების ურღვევობის, სახელმწიფო სუვერენიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის უხეშ დარღვევაა. 

დროა წერს, რომ ვლადიმირ პუტინის გუშინდელი განცხადება არის ღია განაცხადი რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ, რომელიც ნათელს ჰფენს რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული აგრესიის რეალურ მიზანს, აგრეთვე, მკაფიოს ხდის კრემლის მოქმედების სამომავალო ტრაექტორიას.

"დღეს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ, ვაცხადებთ, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის რუსეთის აგრესიის ადამიანური ფასი. ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე, რეგიონის დემოკრატიული სახელმწიფოების შეუვალ უფლებას, გახდნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრი". - აცხადებს პარტია. 

დროა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გამოიყენონ პერსონალური, აგრეთვე ეკონომიკური, ფინანსური და დიპლომატიური სანქციები, როგორც მყისიერი, ქმედითი და ერთიანი პასუხი კრემლის აგრესიაზე. ასევე, გაგრძელდეს უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება.

ამასთან, პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეურთდეს თავისუფალი სამყაროს ერთიან პოზიციას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ, რაც არა მხოლოდ მორალური, არამედ პრაგმატული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საბოლოო გაწევრიანებისათვის.


close დახურვა