მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქართული ოცნების დეპუტატ ქეთევან დუმბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მწერლებისა და გამომცემლების პროტესტს კინემატოგრაფისტების მოძრაობა შეუერთდა.
ისინი მწერლებთან და გამომცემლებთან ერთად დაუმორჩილებლობას უცხადებენ "კულტურის სამინისტროს რეპრესიულ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას" და აცხადებენ, რომ დუმბაძის მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნა კულტურის ინსტიტუციის მიზანმიმართული მოშლის მორიგი მცდელობაა.
"კინემატოგრაფისტების მოძრაობა უერთდება ქართველი მწერლების პროტესტს: დაუმორჩილებლობა კულტურის სამინისტროს რეპრესიულ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას!
ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე კულტურის ყველა დარჩენილი ინსტიტუციის მიზანმიმართული მოშლის მცდელობისა და მმართველების ერთპიროვნული ხელდასხმის.
არ დავუშვებთ კულტურის მიტაცებას, ცენზურის ნორმალიზებას და საბჭოთა ტიპის რეპრესიების დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით ერთიანი და უკომპრომისო!
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია" - წერია კინემატოგრაფისტების განცხადებაში.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.
აგვისტოს დასაწყისში მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. ლომოური ფეისბუქზე წერდა, რომ სამინისტროს წერილობით უკვე აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით იყო დაინტერესებული.
მწერლებმა და გამომცემლებმა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქართული ოცნების დეპუტატ ქეთევან დუმბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად, დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია.
მათი თქმით, ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს.