logo
ENG



დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპის განაჩენი არჩევნების შემდეგ გამოცხადდება

07 სექ 202410:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/07/96ory73vwxt7eme.jpg

დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპის განაჩენი არჩევნების შემდეგ გამოცხადდება.

მოსამართლე ხუან მერჩანმა განაჩენის გამოცხადება 26 ნოემბრამდე გადადო და ერთ-ერთ მიზეზად მოიყვანა "უნიკალური დრო, რომელშიც ახლა ეს საქმე იმყოფება".

ამ საქმეზე ტრამპის განაჩენის გამოტანა უკვე მეორედ გადაიდო. ივლისის დასაწყისში მოსამართლემ განაჩენი ორი თვით, 18 სექტემბრამდე გადადო. გადადებას ტრამპის ადვოკატები ითხოვენ, რომლებიც ცდილობენ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი გააუქმონ.

ადვოკატებმა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება მოითხოვეს მას შემდეგ, რაც 1 ივლისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტებს ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს.

საქმე ეხება 2016 წელს წინასაარჩევნოდ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დამალვას.

პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი ამტკიცებს, რომ მას დონალდ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობები 2006 წელს ჰქონდა, როდესაც ის უკვე მელანია ტრამპზე იყო დაქორწინებული. პროკურატურის თანახმად, ტრამპმა დუმილის სანაცვლოდ დენიელსს ფული გადაუხადა, თუმცა გადარიცხები იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. რეალურად კი, ეს თანხები დენიელსის დუმილისთვის ადვოკატ მაიკლ კოენის ხარჯებს ფარავდა. ამავე საქმის ფარგლებში კოენი 2018 წელს გაასამართლეს და სამი წელი მიუსაჯეს. 

ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი ბრალის 34-ვე პუნქტში ცნეს დამნაშავედ. ვერდიქტის გამოსატანად ნაფიც მსაჯულებს ორი დღე დასჭირდათ. 

მანჰეტენის სასამართლო პროცესი ისტორიულია, რადგან ტრამპი გახდა პირველი ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც დამნაშავედ ცნეს. სასამართლო განხილვა თვე-ნახევარი გრძელდებოდა.

გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტისთვის ნაფიცი მსაჯულების ერთობლიობა იყო საჭირო.

ნიუ-იორკის საქმე ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ოთხი საქმიდან პირველია, რომლის განხილვაც დასრულდა და გადაწყვეტილებაც გამოტანილია. სავარაუდოდ, დარჩენილი სამი საქმის განხილვა შემოდგომამდე არ დაიწყება.


close დახურვა