logo
ENG



ევროკავშირის საელჩოში ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

03 აგვ 202117:42
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის წარმომადგენლობა შარლ მიშელის დოკუმენტს ანულირებულად არ მიიჩნევს - ამის შესახებ ის ოპოზიციონერები აცხადებენ, რომლებიც დღეს ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მონაწილეობენ, რომლებსაც დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კონსულტაციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტმა თავი ამოწურა და ანულირებულად გამოაცხადა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა. თუმცა, მისი განცხადებით, დოკუმენტის მიზანი კრიზისის განმუხტვა იყო და ისიც სწორედ ამაზე ფოკუსირდება - რა განმუხტავს კრიზისს. 

"უტიფარი სიცრუეა, ცალმხრივად თქვა, რომ მე აღარ მაქვს ესა თუ ის ვალდებულება. მათ ის პოლიტიკური ვალდებულებები აღებული აქვთ როგორც ასოცირების, ისე სპეფიციკურად ამ შეთანხმებით აღებული. როცა მოქალაქეები აჩვენებენ თავიანთ მშვიდობიან პოლიტიკურ ძალას არჩევნებზე, იძულებულები იქნებიან, რიგგარეშე არჩევნებიც დანიშნონ და შემდეგ განხორციელდება ის რეფორმა, რომელიც ქვეყანას სჭირდება". - თქვა გიგა ბოკერიამ. 

ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა, მიიჩნევს, რომ დოკუმენტი ცალმხრივად ანულირებული ვერ იქნება და ასე ფიქრობენ მათი საერთაშორისო პარტნიორებიც. მათივე განცხადებით, დასავლელი პარტნიორები განიხილავენ იმ საკითხს, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. 

"შეთანხმება ძალაშია. ქართული ოცნების დემარში არ ნიშნავს, რომ ის გათავისუფლდა აღებული ვალდებულებებისგან. ჩვენ, ვინც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, და მოდერატორები, ვრჩებით შეთანხმების ერთგულები. ქართული ოცნება თავისი ხრიკებით ვერ გამოძვრება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებებისგან".- ამბობს ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. 

რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას - მათი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერის ან საბოლოო უარის საკითხი ამ დრომდე მსჯელობის საგანია. თინა ბოკუჩავასვე თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმების ჩაშლის ერთადერთი მიზეზი მათი დაბალი რეიტინგია. 

ევროკავშირის წარმომადგენლობაში ჯერჯერობით არ გამოჩენილა ქართული ოცნება. 


close დახურვა