logo
ENG



ევროკავშირი სანქციების ახალი პაკეტით რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავს

21 ივლ 202222:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/d6f24cagei7sug8.jpg

ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის პასუხად სანქციების ახალი პაკეტი მიიღო. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ დღეს გამოაცხადა.

ახალი ზომების მიზანი რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ეფექტურობის გაძლიერებაა.

"შენარჩუნებისა და შესაბამისობის პაკეტი" მოიცავს ახალ აკრძალვებს რუსეთში წარმოებული ოქროს პირდაპირ თუ არაპირდაპირ შეძენაზე, იმპორტსა თუ გადატანაზე ევროკავშირის შიგნით ან მისი გავლით მესამე სამყაროს ქვეყნებამდე. აკრძალვები შეეხება სამკაულსაც.

პაკეტის ფარგლებში ასევე იზრდება იმ კონტროლირებული საგნების სია, რამაც შესაძლოა რუსეთს სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობა მიანიჭოს და მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებას ხელი შეუწყოს. შესაბამისად, ევროკავშირი ამკაცრებს ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს.

საბჭოს ცნობით, ევროკავშირი მზადაა თავი აარიდოს ყველა იმ ზომას, რამაც შესაძლოა მსოფლიოში საკვების დეფიციტი გამოიწვიოს. მათი თქმით, დღეს და ამ დრომდე ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული არცერთი ზომა რუსეთსა და მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლისა და გამანოყიერებლების ვაჭრობას ხელს არ უშლის.

სანქციების ახალი პაკეტის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ახლა დროა რუსეთმაც გადადგას ნაბიჯი და შეწყვიტოს უკრაინის მარცვლეულის განადგურება.

„დღეს ჩვენ ვდგამთ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რათა შევასუსტოთ რუსეთის უნარი რომ გააგრძელოს და დააფინანსოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი. ჩვენ ეფექტურად ვკრძალავთ ენერგორესურსების შემდეგ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს - რუსულ ოქროს. ჩვენ ასევე ვაფართოებთ აგრიკულტურულ პროდუქტებსა და მესამე ქვეყნებში ნავთობის გადატანის ტრანზაქციებზე დაწესებულ შეღავათებს. ვინაიდან ევროკავშირი ასრულებს თავის საქმეს, რათა დაიძლიოს საკვების გლობალური კრიზისის საშიშროება, ახლა რუსეთის ჯერია, შეწყვიტოს უკრაინის მინდვრებისა და კონტეინერების დაბომბვა და შეწყვიტოს შავი ზღვის პორტების დაბლოკვა“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 

close დახურვა