logo
ENG



ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მოგების უკრაინისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ

22 მაი 202401:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/yc19csa3bnhhstv.jpg

ევროპულმა საბჭომ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას მხარი დაუჭირა. ინფორმაცია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საბჭო ხაზს უსვამს, რომ თანახმაა მოგება გამოყენებული იქნას უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გეგმის ოფიციალურად მიღებამდე, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებაზე შეთანხმება ევროკავშირის ელჩებს შორის, მიმდინარე წლის 9 მაისს შედგა.

ვარაუდობენ, რომ გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა ყოველწლიურად 2,5-3 მილიარდ ევროს შეადგენს. შეთანხმების თანახმად, მოგებიდან შემოსული თანხის 90% ევროკავშირის მართვის ქვეშ არსებულ ფონდში წავა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის არის შექმნილი, დანარჩენი 10% კი კიევისთვის სხვა ტიპის დახმარებას მოხმარდება.

Reuters წერს, რომ ერთ-ერთმა მაღალი რანგის რუსმა დიპლომატმა დაგმო და თქვა, რომ ამ ქმედებას "არაპროგნოზირებადი შედეგები" ექნება, რადგან მისივე თქმით, "ადრე თუ გვიან ევროკავშირი ვალდებული გახდება, რუსეთს დაუბრუნოს ის, რაც მოიპარა".

ევროკავშირში ელიან, რომ 2027 წლისთვის გაყინული აქტივები დაახლოებით 15-20 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს, რაც გაუთვალისწინებელ შემოსავლად ითვლება. Reuters ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ მოსალოდნელია, უკრაინამ პირველი ტრანში ივლისში მიიღოს.


close დახურვა