ევროპარლამენტარები გმობენ ძალადობას, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა, რასაც შემდგომში ღირსების მარშის გაუქმება მოჰყვა. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი.
განცხადებაში, რომელიც 5 ივლისის მოვლენებს ეხმაურება, საუბარია ხელისუფლების მოუმზადებლობაზეც.
"სამწუხაროდ, საქართველოს ხელსუფლებამ და რელიგიურმა წარმომადგენლობამ ხმამაღლა და ცხადად არ დაგმო ჰომოფობიური რიტორიკა ღირსების მარშის წინ. მკაცრად ვგმობთ, საქართველოს მთავრობის მოუმზადებლობას, უზრუნველყო უსაფრთხოება შეკრებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ტოლერანტობას.
როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, ლგბტქ+ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრება.
საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გააჟღერა განზრახვა, განაცხადი გააკეთოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ გვსურს, შევახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებით, რომელიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები, კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დემოკრატიის გარანტორი ინსტიტუციების სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების პატივისცემა და დაცვა", — აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
ხოლო გუშინ, 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.