logo
ENG



ევროპაში ჰაერის დაბინძურების კუთხით რუსთავი პირველ ადგილს იკავებს

23 თებ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია ევროპაში. საგანგაშო მონაცემებს გარემოს ევროპული სააგენტო აქვეყნებს.

ქალაქში განთავსებული სადგურის მონაცემებით, ჰაერი, რომელსაც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი სუნთქავს, უმეტეს შემთხვევაში ცუდი, ან ძალიან ცუდია. 

დაბინძურების მთავარი წყარო ინდუსტრიული ობიექტებია. დაჯარიმების შიშითაც კი, ფილტრების მონტაჟს ბევრი არ ჩქარობს. კანონის გამკაცრებაზე კი მთავრობაში ახლა მუშაობენ. ამ ფონზე რუსთავის კლინიკებში, სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პაციენტების მიმართვიანობა იზრდება.

"სამოქალაქო მოძრაობის "გავიგუდეთ" აქტივისტები თითქმის 2 წელია აკვირდებიან, როგორ აბინძურებენ გარემოს რუსთავში იქ მდებარე საწარმოები. მათი თქმით, ქალაქში გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ დადგმული ფონური სადგური 1 წლის განმავლობაში აჩვენებდა, რომ 72 პროცენტ შემთხვევაში რუსთავში ჰაერი იყო ცუდი, ან ძალიან ცუდი. ევროპაში ჰაერის დაბინძურების კუთხით რუსთავი პირველ ადგილს იკავებს.

მოძრაობას "გავიგუდეთ" აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა ქალაქში. ამის თაობაზე მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთანაც უსაუბრიათ. 

ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის კიდევ ერთ ბერკეტად ახალგაზრდები ქალაქის გამწვანებას მიიჩნევენ, სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელში გაჩნდა კამპანია #გაTREEფე, რომელიც მიზნად მოქალაქეთა მოტივირებასა და ქალაქის გამწვანების ღონისძიებებში მათი ჩართვის გაზრდას ისახავს.

რას აკეთებს სახელმწიფო, როდესაც რუსთავის კლინიკებში მოქალაქეთა მიმართვიანობა სასუნთქი გზების პრობლემებით საგრძნობლად იზრდება? რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ საკითხი შეისწავლეს და მონაცემები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუგზავნეს.

კვირა დასვენების დღეა, ამიტომ ამ უწყებიდან "ფორმულას" დღეს მხოლოდ მონაცემები მოგვაწოდეს. წერილიდან ვიგებთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა 2019 წელს, ქალაქ რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური შემოწმება პირველად განახორციელეს. რამდენიმე საწარმო 7000 ლარით დაჯარიმდა. ასევე მათ დაეკისრათ ფილტრების გამოყენების ვალდებულებაც. რუსთაველები ელიან, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდგომ, რომელზეც სამინისტრო უკვე მუშაობს, კანონმდებლობა გამკაცრდება, რაც ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს უკეთესობისკენ შეცვლის.


close დახურვა