ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი მიქაელ ო’ფლაჰერთი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა შეაჩერონ. ამის შესახებ ის პარლამენტისადმი თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს.
წერილი 11 აპრილით არის დათარიღებული და ო’ფლაჰერთი ითხოვს, რომ მისი ასლი ყველა დეპუტატს გაეგზავნოს. თუმცა როგორც ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა სესიის სხდომაზე განაცხადა, წერილის შესახებ მხოლოდ დღეს 16 აპრილს გახდა ცნობილი.
"მე შეშფოთებული ვარ ამ საკანონმდებლო ინიციატივის თავსებადობით ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში, მათ შორის, მისი მიღების მსუსხავი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე მუშაობენ", - წერს კომისარი.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი თავის წერილში საუბრობს რუსეთში მოქმედი კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ შეასრულონ თავიანთი როლი, როგორც "საზოგადოების დარაჯებმა", მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან. გარდა ამისა, მიქაელ ო’ფლაჰერთი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე, რომ გაერთიანების თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს დადგენილი კანონით, რაც მოითხოვს სიცხადისა და განჭვრეტადობის ტესტს.
როგორც კომისარი აღნიშნავს, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მისმა იმპლემენტაციამ დიდი ალბათობით შეიძლება გამოიწვიოს სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისა, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ და მათ საქმიანობას გაართულებს ან შეუძლებელს გახდის.
როგორც კომისარი აღნიშნავს, სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არეგულირებს არაკომერციული ორგანიზაციების ლეგიტიმურ მუშაობას, უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული და ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების მკაფიო და მიუკერძოებელ სტანდარტებს, მიუხედავად მათი დაფინანსების წყაროებისა.
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს თავი შეიკავონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებისგან და ითანამშრომლონ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან რათა უზრუნველყონ ქვეყანაში არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების ლეგიტიმური მუშაობისათვის ხელსაყრელი გარემო", - ვკითხულობთ წერილში.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომისრისთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა. კრიტიკის მიუხედავად პაპუაშვილი აგრძელებს პროპაგანდისტულ ნარატივს და აღნიშნავს, რომ იგი შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს.