logo
ENG



ევროპული მომავლის მხარდასაჭერად მაია სანდუ მოქალაქეებს აქციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

11 აპრ 202314:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/11/d4cr0vbnvotzom3.jpg

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოქალაქეებს მოუწოდებს, 21 მაისს კიშინიოვში შეიკრიბონ და ქვეყნის ევროპულ მომავალს დაუჭირონ მხარი. სანდუმ განცხადება იმის ფონზე გააკეთა, რომ ქვეყანაში რუსეთი გავლენის გაზრდას ცდილობს.

"გამოვედი ინიციატივით, შევკრიბოთ მოქალაქეები კიშინიოვში, რათა ვუთხრა მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ", - აღნიშნა სანდუმ.

"მოვუწოდებ ყველას - ფერმერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მეწარმეებს, ექიმებს, კულტურის მოღვაწეებს, კერძო სექტორში დასაქმებულებს, სახელმწიფო მოხელეებს - გაერთიანდით და მხარი დაუჭირეთ ჩვენს ერთობლივ ოცნებას. მოდით, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მშვიდობა გვსურს. გვინდა, რომ ევროკავშირმა ჩვენთან თავი იგრძნოს, როგორც სახლში", - განაცხადა სანდუმ სატელევიზიო მიმართვის დროს.

მოლდოვა, რომელსაც გასულ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს, მოსკოვის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლას განიცდის მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

თებერვალში სანდუმ განაცხადა, რომ კრემლს აქვს გეგმები „მშვიდობიან მოქალაქეებად გადაცმული სამხედროდ გაწვრთნილი ადამიანები“ მოლდოვაში გადატრიალების მოსაწყობად გამოიყენოს. რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე კაცი დააკავა, რომლებიც ანტისამთავრობო აქციებზე არეულობის პროვოცირებას აპირებდნენ.


close დახურვა