logo
ENG



ევროპულმა საქართველომ მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში აქცია გამართა

13 ოქტ 202011:36
3 წუთის საკითხავი
 

ევროპულმა საქართველომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში აქცია გამართა. 

პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ორი უდანაშაულო ადამიანი ქართული ოცნების საარჩევნო მიზნებს ეწირება. მისი თქმით, აქცია სიმბოლურად ტიციან ტაბიძისა და და პაოლო იაშვილის ძეგლთან გამართეს, რადგან ტიციანი საბჭოთა სასამართლოს მიერ შეთითხნილი ბრალდებით იყო გასამართლებული ისევე, როგორც მელაშვილი და ილიჩოვა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ. 

დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიცია და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.


close დახურვა