ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 174 შემთხვევა ფიქსირდება. მისი განცხადებით, 4 ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურში არის მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ერთ-ერთი მათგანის ინფიცირების წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, ხოლო დანარჩენი სამისა - ეროვნული ბანკი.
„ჩვენს ცენტრში დღეს 15 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება აქედან 4-ზე მივიღეთ დადებითი. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 174 პაციენტია დადასტურებული. ამ 4 პაციენტის წყარო არის სხვადასხვა, ერთის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, დანარჩენი სამი პაციენტის წყარო არის ეროვნული ბანკი. მათი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევების შედეგით შესაძლებელი იქნება შეფასდეს, როგორი იქნება მათი ზოგადი მდგომარეობა. გამოჯანმრთელებულების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი და ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. საღამოს კვლავ ტარდება ტესტირება მხოლოდ 5 პაციენტზე. როგორც იცით, ჩვენს ცენტრში ერთი არის კრიტიკული მდგომარეობით, რომლის ზოგადი მდგომარეობა აღარ პროგრესირებს და თუ სტაბილიზება ასეთი დაგვრჩება, მერე შესაძლებელი იქნება პროგნოზზე ლაპარაკი. რაც შეეხება ხუთ მძიმე პაციენტს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა ისინი გადმოინაცვლებენ კარგი პროგნოზირების პაციენტებთან “, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 174 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი, გარდაცვლილია - 2. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5067 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.