logo
ENG



ეკა ბესელიას დადგენილების პროექტი ჩავარდა

05 დეკ 201919:55
3 წუთის საკითხავი
 
rttblkfl9h8e6cz.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიას დადგენილების პროექტს სასამართლოს შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტმა სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემები კლანის მმართველობად უნდა შეაფასოს. საკანონმდებლო ორგანოს ასევე უნდა დაევალოს ვითარებიდან გამოსავლის ძიება. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ დოკუმენტი პოლიტიკურია და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

განხილვას ესწრებოდნენ იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც პროექტის მომზადებაში იყვნენ ჩართულნი. ავტორები, იმედოვნებენ რომ დადგენილება მხარდაჭერას სასესიო სხდომაზე მოიპოვებს.

"მმართველი პარტიის წევრები ვერ ბედავენ იურიდიულ კომიტეტზე შეაფასონ სასამართლოში არსებული მძიმე ვითარება, რადგან მოსამართლეთა მცირე ჯგუფი, რომელიც კლანად ჩამოყალიბდა, ახლა ასრულებს ხელისუფლების დავალებებს და გავლენა აქვს უკვე პარლამენტში",-აცხადებს ეკა ბესელია. 

ბესელიას მოსაზრებას იზიარებს მოძრაობა "ლელოს" წევრი, იურისტი კახა კოჟორიძე. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" პროექტი იძულებით ჩააგდო. 

"არცერთ „ქართული ოცნების“ დეპუტატს არც კითხვა და არც არგუმენტი არ ჰქონია ისე ჩააგდეს ეს პროექტი. როგორც ჩანს ერთადერთ გამოსავლად ესახებათ უზენაეს სასამართლოში 20 კანდიდატის არჩევა, რითაც კიდევ ერთხელ გაესმევა ხაზი ქვეყანაში როგორი დრამატული სიტუაციაა",-ამბობს კოჟორიძე. 

უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ დადგენილების პროექტი სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და პოლიტიკური ხასიათის მატარებელი დოკუმენტია. ამიტომ დამტკიცებას არ იმსახურებდა. 

"დადგენილების პროექტი წმინდა პოლიტიკური ხასიათის გზავნილებით იყო გაჯერებული და არ ჰქონდა საერთო სამართლებრივ საფუძვლებთან. სამი წარმომადგენელი არ ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით საუბარს და საღი აზრის ფარგლებში ვერცერთი გონიერი იურისტი ვერ გეტყვით, რომ მსგავს საკითხს კომიტეტმა შესაძლოა მხარი დაუჭიროს",-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

 

 


close დახურვა