logo
ENG



ეკონომიკის სამინისტრო ჩვენს ზარებს არ პასუხობს - ბიზნესი დახმარებას ითხოვს

12 აპრ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ბიზნესი დახმარებას ითხოვს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებულმა შეზღუდვებმა კომპანიები შემოსავლის გარეშე დატოვა. ცალკეულ შემთხვევებში აკრძალულია პროდუქციის დისტრიბუცია და ონლაინ-ვაჭრობაც. ბევრ კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის უფლების მოსაპოვებლად განაცხადი უკვე შევსებული აქვს, პასუხი ჯერ არ მიუღია.

მეწარმეები საგადასახადო შეღავათების დაწესების აუცილებლობაზე უკვე ალაპარაკდნენ. ამბობენ, რომ ეს მათი ბიზნესის გადარჩენისათვის აუცილებელია.

პროდუქცია,  რომელიც რიგით მომხმარებელზეა გათვლილი, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე შეუკვეთა. ამანათი შეერთებული შტატებიდან დღეს მიიღო და იძულებულია საწყობში შეინახოს. იმის გამო, რომ საცალო ვაჭრობა აკრძალულია, მფლობელი გაკოტრების პირას აღმოჩნდა, ბიზნესის გადარჩენის და ელემენტარული შემოსავლის მიღებისთვის სახელმწიფოს სთხოვს, რომ ონლაინ-ვაჭრობის ნებართვა მისცეს.

ონლაინ-ვაჭრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ მცირე მეწარმეებისთვის არამედ მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ და მსხვილ სავაჭრო ობიექტებს საყოფაცხოვრებო და სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი პროდუქციით ამარაგებენ. უკრაინელმა ბიზნესმენმა „ფორმულანიუსს“ განუცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონით მას პროდუქციის დისტრიბუცია აეკრძალა, განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში შეიტანა, თუმცა არავინ დაკავშირებია.

პრობლემები საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნესს შეექმნა. მსხვილ კომპანიებს ჯერ კიდევ 3 თვის წინ შეკვეთილი პროდუქცია აქვთ დასაწყობებული. შემოსავლის არარსებობის პირობებში მის განბაჟებას ვერ ახერხებენ და ჯარიმები ეკისრებათ. ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობას მოუწოდებენ, შერჩევითი მიდგომა შეწყვიტოს და კომპანიების გადარჩენისთვის სამი თვით დღგ-ს გადასახადი გადაუვადოს.

რა პრინციპით არჩევს სახელმწიფო ბიზნეს ობიექტებს, რომლებსაც მუშაობის ნებართვა ეძლევათ - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ. მათ შორისაა "აი სი არ კორპი" - კომპანია, რომელიც ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე სახის მომსახურებას ეწევა. პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ კვების ობიექტებში მუშაობის ნებართვა მიიღეს, თუმცა ავეჯის ტანსაცმლის და სხვა პროდუქციის ონლაინ-გაყიდვების უფლებას არ აძლევენ.

საკოორდინაციო საბჭოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს. ამ ფონზე, ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ბიუჯეტში ყოველწლიურად სოლიდური თანხები შეაქვთ, ჯერ კიდევ არ იციან, სად წავა ან როგორ გადანაწილდება ის 2 მილიარდი ლარი, რომელიც გიორგი გახარიამ ბიუჯეტიდან ისევ  ბიზნესის დასახმარებლად გამოჰყო. ბიზნეს-სექტორი მთავრობისგან თანადგომას ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს გაკოტრება - ათასობით ადამიანს კი, უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრება. 


close დახურვა