„უსასრულოდ ამ რაუნდების ლოდინს არ ვაპირებთ - გვინდა კონკრეტული შედეგები. ოქტომბრამდე ხომ არ გავაგრძელებთ ამ მოლაპარაკებებს", - ასე აფასებს შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ალეკო ელისაშვილი.
ელისაშვილი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, მისცეს ხალხს სამართლიანი, პროპორციული არჩევნები. მისივე განცხადებით, უმრავლესობის მილიონერი დეპუტატები, რომლებიც ბავშვების შიმშილობას ვერ ხედავენ, არ არიან პარლამენტში ყოფნის ღირსი.
„მინდა ვთქვა, რომ სულ რომ პროპორციულ არჩევნებს არ ვითხოვდეთ, იმიტომ მოვიდოდი, რომ აღშფოთება გამომეთქვა არველაძის კომენტარზე - მილიონერები რომ არიან და ვერ ხედავენ ბავშვების შიმშილობას, ამაზრზენები არიან. გავრცელდა სენატორების განცხადება, რომ მიიღეს ზალკალიანისგან დაპირება სიტუაციის დარეგულირების შესახებ. პროპორციული არჩევნები უნდა მივიღოთ და ამისთვის ვარ მე მოსული. ნებისმიერი ფორმით გავაგრძელებთ, სანამ არჩევნები არ იქნება", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა გახდებოდა სრულად პროპორციული. მას შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები პიკეტირებითა და საპროტესტო აქციებით მოითხოვენ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ მიღებული დაპირება შესრულდეს და 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.