პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს.
ის ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
"ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე და ფოტოკორესპონდენტებზე თავდამსხმელები ყველანი უნდა დაისაჯონ! შსს-მ დღეს ვერ აღკვეთა ძალადობა, იქცეოდა უნიათოდ და ახლა მაინც უნდა დადგინდეს ყველა თავდამსხმელი და უნდა დაისაჯოს!", - წერს ელისაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეული "ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა" სხვა შედეგის მომტანი არ არის.
თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.
პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.
საელჩოები ხელისუფლებას ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.