საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან დიალოგში ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ჯარებს ალყის მოხსნისა და ქალაქისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომისკენ მოუწოდა.
ფრანგული მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მაკრონმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე შეტაკებების ფონზე ის ძალიან შეშფოთებულია უკრაინის ქალაქ მარიუპოლის ბედზე.
მედიის ცნობით, მაკრონმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენაც მოუწოდა.
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის მორიგი სატელეფონო დიალოგი დღეს გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლში რუსული ძალები ბოლო რამდენიმე დღეა მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმიან.
გუშინ, ქალაქ მარიუპოლის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალების თავდასხმების შედეგად ქალაქის შენობები და ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურდა.
ორლოვის განცხადებით, 13 მარტის მონაცემებით მარიუპოლში 2 358 ადამიანი დაიღუპა. თუმცა მისი თქმით, ეს ის ადამიანები არიან, ვის ცხედრებიც ქუჩებში იპოვეს. შესაბამისად, ეს არაა ზუსტი რიცხვი, რადგან ნანგრევებში, სავარაუდოდ, მეტი ადამიანია მოყოლილი და მოსალოდნელია, რომ ამ რიცხვზე 1.5-2-ჯერ მეტი დაღუპულია.
16 მარტს რუსმა სამხედროებმა დაბომბეს მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ასობით დევნილი აფარებდა.
გუშინ კი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, სერგეი ტარუტამ განაცხადა, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარში მყოფი ადამიანები ავიაიერიშს გადაურჩნენ.