logo
ENG



ენერგოატომის ცნობით, ზაპოროჟიეს სადგურის ერთი ბლოკი კვლავ დაუკავშირდა ქვეყნის ელექტროქსელს

26 აგვ 202216:30
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის ენერგოატომის ცნობით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ერთ-ერთი ბლოკი, რომელიც გუშინ გაითიშა, კვალავ დაუკავშირდა უკრაინის ელექტროქსელს.

ენერგოატომი აცხადებს, რომ ეს სადგურის პერსონალის დამსახურებაა, ვინც თავდაუზოგავად მუშაობს, რათა უკრაინამ საჭირო ელექტროენერგია მიიღოს და მთელი ევროპის რადიაციული უსაფრთხოება უზრუნველყოს.

"დღეს 2022 წლის 26 აგვისტოს, ერთ-ერთი ელექტრობლოკი, რომელიც გუშინ გაჩერდა დაუკავშირდა ელექტროქსელს და სიმძლავრე იზრდება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ნამდვილი გმირები არიან! ისინი დაუღალავად და მტკიცედ ინარჩუნებენ უკრაინისა და მთელი ევროპის რადიაციულ უსაფრთხოებას და თავდაუზოგავად შრომობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ სამშობლოს აქვს სასიცოცხლო ელექტროენერგია. ჩვენ თქვენით ვამაყობთ და დიდ მადლობას გიხდით" - წერს ენერგოატომი.

კომპანია აცხადებს, აღჭურვილობისა და უსაფრთხოების სისტემების მუშაობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.

ენერგოატომმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ ოკუპანტების ქმედებების შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად ქვეყნის ელექტროქსელიდან სრულად გაითიშა. 

ენერგოატომის ცნობით, ცეცხლი თბოელექტროსადგის მდებარე ფერფლის გროვებს გაუჩნდა, რომლების ზაპოროჟიეს რეაქტორის კომპლექსთან მდებარეობს. შედეგად კი დაზიანდა ის ელექტროხაზები, რომელიც სადგურს ელექტრო ქსელთან აკავშირებდა.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ქვეყანაში მოხმარებული მთელი ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს გამოიმუშავებდა.

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი, მათ შორის ქალაქი ენერგოდარიც დაიკავეს. ენერგოდარში მდებარეობს ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ოკუპანტები სადგურის ტერიტორია მრავალჯერ დაბომბეს და დააზიანეს არაერთი შენობა.

22 აგვისტოს, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურს. თავდასხმის შედეგად, უკრაინის ცნობით 1 კაცი დაიღუპა.

14 აგვისტოს 42-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთს მოუწოდა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.


close დახურვა