ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ პარტიის მტკიცება არჩევნების გაყალბების შესახებ ეფუძნება არა სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს, არამედ მთლიანად საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას.
"PVT-ის მეთოდოლიგია ითვალისწინებს შემთხვევითი შერჩევის წესით განსაზღვრულ უბნებში დაწერილი ოქმების დაჯამებას. შესაბამისად, ხმების პარალელური დათვლა ვერ ახდენს უბანზე არსებული დარღვევების (კარუსელი, ბიულეტენების ჩაყრა, ბიულეტენში ჩანაწერების გაყალბებას) მონიტორინგს ან პრევენციას. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცება არჩევნების მასშტაბურად გაყალბების შესახებ ეფუძნებოდა არა PVT-ს პირველად შედეგებს, არამედ მთელ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების, საარჩევნო დღისა და ხმების დათვლის პროცესის განმავლობაში უამრავი დარღვევის შესახებ მიღებულ ვიდეო, აუდიო თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შესახებაც ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად ვაწვდიდით.
მაგალითად, 2000-ზე მეტ ოქმში დისბალანსია, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 3000-ზე მეტი ბიულეტენიად აკარგული, ყველა ეს ბიულეტენი პოტენციურად კარუსელის განხორციელების წინაპირობაა, ისევე, როგორც ჩაყრის და ამომრჩეველზე ზეწოლის ვიდეო მტკიცებულებები". - აცხადებს პარტია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისვე შეფასებით, ქართული ოცნების ლიდერების, არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს "ხარვეზებისა" და გადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა ISFED-ის მიერ მონაცემების შესწორებას.
"ამის შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებს ჯერ კიდევ საჯარო განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული. განცხადების მიხედვით, ასეთი ტიპის დამთხვევა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა და, მათივე შეფასებით, დიდი ალბათობით, ეს მოხდა უკანონო მიყურადების შედეგად, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას".- აცხადებს ენმ.
პარტია ასევე მიუთითებს, რომ:
"ISFED-ის ჩასწორებულ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნულია: "მონიტორინგის შედეგადორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში."
ამ ფარგლების დისბალანსის პირობებში, რომელიც ცხადია, რომ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მოხდა და იძლევა 4%-იან ცდომილებას. არსებულ კითხვებს სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა ღიად, საჯაროდ და სრულყოფილად უნდა გასცენ პასუხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ეს უნდა მოხდეს დროულად და არა მხოლოდ წერილობითი ფორმით". - წერია ენმ-ის განცხადებაში.
სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.
ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.
ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.
დღეს, 12 დეკემბერს, ტვ პირველის ეთერში ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ ინფორმაცია ფარული მიყურადებით მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა.
სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.