სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი, გისლეინ მაქსველი ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მაქსველი დამნაშავეა წაყენებული ექვსი პუნქტიდან ხუთში, მათ შორის არასრულწლოვნების სექსუალურ ექსპლუატაციაში.
ბრალდების თანახმად, 60 წლის მაქსველი 1994-2004 წლებში არჩევდა არასრულწლოვნებს და ეპშტეინთან მიჰყავდა, რომელიც მათზე სექსუალურად ძალადობდა და გოგოებს თავის მეგობრებთან ურთიერთობასაც აიძულებდა. მაქსველს 80 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამერიკელი მილიარდერი ჯეფრი ეფშტეინი რამდენიმე წლის წინ არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს. 2019 წელს ეპშტეინი ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის სავარაუდო მიზეზად სუიციდი დასახელდა. 1990-იანებში მაქსველი და ეპშტეინი პარტნიორები იყვნენ.
ბრიტანელი გისლეინ მაქსველი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ეპშტეინის ცოდვების განტევების ვაცი გახდა. ადვოკატები პროცესზე აღნიშნავდნენ, რომ სანამ ეპშტეინი ცოცხალი იყო არც ერთი მსხვერპლი მაქსველს არ ახსენებდა.
სასამართლო საქმეზე ბრალდების მხარის მოწმედ ოთხი ქალი გამოვიდა. ყველა მათგანი 14-18 წლის იყო, როდესაც მათი თქმით, მაქსველმა ისინი ეპშტეინთან მიიყვანა და ზოგიერთ შემთხვევაში მათთან ერთად სექსუალური ხასიათის თამაშებში ჩაერთო. ერთ-ერთმა მსხვერპლმა ენი ფარმერმა მაქსველს ფსიქოპატი უწოდა.