logo
ENG



ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას კიდევ ერთი ხელოვანი, ანდრო დადიანი ითხოვს

13 თებ 202320:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/13/f2fgk4w4l07xow7.jpg

ხელოვანი ანდრო დადიანი ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ითხოვს.

დადიანი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი კულტურის პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამოხატვაა და ასევე ხელოვან სანდრო სულაბერიძისადმი სოლიდარობის ნიშანია.

"წლების წინ, როცა დადიანი გამოვიყენე ფსევდონიმად, ცოტნე დადიანის სიყვარულით გავაკეთე ეს. მგონია, რომ ცოტნე დადიანის ის აქტი, თაფლი რომ წაისვა და დატყვევებულების ბედი გაიზიარა, პირველი პერფორმანსი და სამყაროსგან, ჩვენი ისტორიისგან მოწოდებული ცხოვრების კონცეფციაა ჩემთვის. შემიძლია სიტყვა ხელოვნების გასწვრივაც ცოტნე დადიანი დავწერო, რადგან ხელოვნებასთან ურთიერთობა მეორის განცდის, გაზიარების, შენში შემოშვების სურვილია. ეროვნულ გალერეაში ახლა მიმდინარე გამოფენაზე ჩემი ავტოპორტრეტიცაა გამოფენილი, ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებული ამბავი სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი ცხოვრების კონცეფციის გაგრძელება/არგაგრძელებას და ვირჩევ სიცოცხლის, ხელოვნების, ცოტნე დადიანის ენას - სანდროს გვერდით დგომას და მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან ამჟამინდელი კულტურის პოლიტიკის პროტესტისა და სანდროს სოლიდარობის ნიშნად.

ეს დღეები ტრიალებდა აზრი, რომ მთლიანად გამოფენა მოიხსნებოდა და მეც ამ დრომდე ველოდი განცხადებას ამის თაობაზე. მინდოდა ჯგუფურ გამოფენაში ჯგუფის, გუნდის პრინციპით ვყოფილიყავი და ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება გამოფენის დასრულებაზე. ყველა ადამიანის ინდივიდუალური ტემპი აქვს ფიქრის და მინდოდა კურატორისთვის გამომეცხადებინა ჩემი დიდი სიყვარული და თანადგომა საფიქრად მიცემული დროით და ჩემი სიჩუმით. კალენდარსაც თავისი ტემპი აქვს და შეგვიწყო ხელი იმან, რომ დაემთხვა შაბათ-კვირა და ორშაბათი (რომელიც გალერეებისთვის არასამუშაო დღეა).

ეს დრო საკმარისია ალბათ გადაწყვეტილების მისაღებად, ჩემთვის კი საკმარისი ნერვიული საათები. სულიერი გადარჩენის მიზნით, ინდივიდუალურად ვაკეთებ განცხადებას, რომ კურატორის საქმის კურსში ჩაყენებით და კანონიერი გზით მომაქვს ჩემი ავტოპორტრეტი გალერეიდან - განცხადებით, იურიდიულად, ყოველგვარი ხმაურის, პერფორმანსის და ტელევიზიების გარეშე. ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი ყველა მოძრაობა პოლიტიკურია. ამ მოწამლული ჰაერის შესუნთქვისას ჩვენი ფილტვები ონკოლოგიურ რისკებს და პოლიტიკას ერთდროულად ეხება. ჩვენი მაცივრის შიგთავსი პოლიტიკურია, ჩვენი საჯარო და დიდწილად პირადი განწყობებიც კი პოლიტიკურია, ჰოდა ეს გამოფენაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. სოლომონ აფროდიტუსის, ჩემი, გოდერას და სხვების დიმიტრი შევარდნაძესთან, ახვლედიანთან და კაკაბაძესთან დაკიდება პოლიტიკაა, დროთა და იდეათა ერთ სივრცეში შედედება და ეროვნული ატმოსფეროს განახლება და სისხლის გადასხმაა.

გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკეში", სარკედ გაუხდა უამრავი თვალსაზრისით ქვეყანას და ადამიანებს, გამოფენამ იმუშავა და იმაზე დიდი მნიშვნელობისაა სოციალურ-კულტურულ კონტექსტში ის დღეს (და ისტორიულადაც, მჯერა), ვიდრე სხვა ბიენელეები ან ხელოვნების დიდი ბაზრობები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს ვუკარნახო მისი შინაგანი კომპასი სად უჩვენებდეს სწორსა და არასწორს, ჩრდილოეთს ან სამხრეთს. ჩემი შინაგანი ხმა, უძილობა და ნერვული ფონი მეუბნება, რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ, მე იქ აღარ უნდა ვიყო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ნარკოტიკი ჩამიდონ.

გამოფენილ ნამუშევარზე, სახლში რომ მოვიტან, მერე დავწერ და აუცილებლად გავაკეთებ ამ ავტოპორტრეტის გამოფენას, რადგან ეროვნულში ვერ მოვახერხე ამ მოვლენებიდან გამომდინარე პერფორმატიული ამ ნამუშევრისთვის ხორცშესხმა. კიდევ ერთხელ სიყვარული და მადლიერება მინდა გამოვხატო ქეთი შავგულიძის მიმართ, რომელმაც ღრმა, პროფესიონალური კვლევა და შრომა გასწია გამოფენის გასაკეთებლად და სოლიდარობას ვუცხადებ სამარცხვინო რეპრესიულ მანქანაში მოყოლილ ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძეს", - წერს ანდრო დადიანი.

დადიანი არ არის პირველი მხატვარი, რომელმაც ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანა მოითხოვა. მანამდე, ანალოგიური განცხადება მხატვარმა შოთა აფციაურმა გაავრცელა.

***

4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!".

მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.

5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".

სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. 

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.

11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პენცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შსს-სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა".

სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან. მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

 


close დახურვა