logo
ENG



ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ წმინდა ბარბარეს ტაძრის დაზიანება დანაშაულს შეიცავს

05 აგვ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 
iza7097300of5jl.jpg

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ნავთლუღში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიის დაზიანების გამო სისხლის სამართლებრივი მოკვლევის დასაწყებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.  

განცხადების თანახმად, სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით ეკლესიაში იმყოფებოდნენ და დაადგინეს, რომ სამშენებლო სამუშაოები ეკლესიაზე უნებართვოდ ჩატარდა.

"ტაძარში ჩატარებული საამშენებლო სამუშაოების დროს, ეკლესიის ფასადის კედლებს გაუკეთდა ახალი ქვისა და აგურის პერანგი, შედეგად დაზიანდა, შეიცვალა ნაგებობის არქიტექტურული სახე და ისტორიულად ღირებული ფასადები ახალი მოპირკეთების უკან აღმოჩნდა.

ეკლესიაში გაკეთდა ახალი იატაკი, დიდი კერამიკული ფილებით. დაიფარა იქ არსებული ძველი საფლავის ქვები და ძველი თანადროული აგურის იატაკი. ახალი იატაკის საფარის მოხსნის შემთხვევაში, იატაკის ქვიშაცემენტის დუღაბის ქვეშ მოქცეული მარმალილოს საფლავის ქვის ეპიტაფიები (წარწერები საფლავის ქვაზე) მთლიანად განადგურდება. 

მიგვაჩნია, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება", - წერია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 19 ივლისს თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა ისან-სამგორში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ფოტოები გაავრცელა. ტიგინაშვილის ინფორმაციით, ტაძრის რესტავრაციის დროს განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რომლებიც შესწავლილი არ იყო.

განადგურებული საფლავების საკითხზე 20 ივლისს საპატრიარქოში ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი, დაიბარეს.

საპარტიარქოს განცხადებით, დეკანოზმა თქვა, რომ ტაძარში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები 17 წლის წინ დასრულდა. მისივე თქმით, გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია წლების წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და ძველი ფილები - ე.წ. მეტლახი. სასულიერო პირის მტკიცებით, სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ შეიცვალა ფოტოებზე ასახული ფილები გრანიტის ახალი ფილებით.

საპატრიარქო აღნიშნავდა, რომ "ეს ფაქტი არ ამართლებდა ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს" და რომ დეკანოზს არც თავის დროზე მიუმართავს ნებართვისთვის საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის. რაც, საპატრიარქოს განცხადებითვე, "აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად".

 


close დახურვა