ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იურისტი და სამართლის კანცლერი ულე მადისე აირჩია.
ფარული კენჭისყრის შედეგად მადისემ 71 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა 78 დეპუტატმა მიიღო. შვიდი ბიულეტენი დაუმტკიცებელი დარჩა, ბათილად არცერთი ბიულეტენი არ ცნობილა.
პრეზიდენტად ასარჩევად კანდიდატს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 68 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ნდობა გავამართლო. იმედი მაქვს, რომ ერთმანეთის გაგებით, საჭიროების შემთხვევაში მწვავე კამათით, მაგრამ ერთმანეთის მხარდაჭერით, ერთად ბევრის გაკეთებას შევძლებთ ესტონეთისთვის, რათა ქვეყანა ბედნიერი, კარგი და უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა მადისემ დეპუტატების წინაშე.
51 წლის ულე მადისე განათლებით იურისტია. მას სხვადასხვა დროს უმუშავია იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და პრეზიდენტის მრჩევლად. 2015 წლიდან ის ესტონეთის სამართლის კანცლერის თანამდებობას იკავებს.
მადისეს პრეზიდენტობის კანდიდატად 75-მა დეპუტატმა წარადგინა. ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას 12 ოქტომბერს, პარლამენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ შეუდგება.
