ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის განცხადებით, ესტონეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა.
"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, უკრაინელი სამხედროებისთვის ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ. პაკეტი ძირითადად მოიცავს ინდივიდუალურ აღჭურვილობას, რადგან ეს არის ის, რაც კონკრეტულად გვთხოვეს უკრაინელებმა", - თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.
პევკურის თქმით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის ზამთრის საველე ფორმები და დრონები. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან, ესტონეთმა უკრაინას 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების იარაღი და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა გადასცა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ უკვე მიიღო სასწრაფო დახმარების სამი მანქანა, რომლის თანხაც ესტონეთმა შეაგროვა.