ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე მეუფე იაკობის ბრალდებებზე "ფორმულასთან" დეტალურად საუბრობს. ქორეპისკოპოსმა იაკობმა სატელევიზიო ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, რომ მან მეუფე პეტრეს ორი მილიონი მისცა ტელევიზია "ერთსულოვნებისთვის, რაც, მისივე თქმით, გაიფლანგა.
მეუფე პეტრე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის დაინიშნა საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელად 2008 წელს. არხს არ ჰქონდა თავისი სიხშირე, რის გამოც, მიტროპოლიტის თქმით, არხი ტელევიზია „ევრიკას“ სიხშირეზე გადიოდა. მიტროპოლიტი იხსენებს, რომ სიხშირე საპატრიარქოს გადარჩენის მიზნით მისცეს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს სიხშირე ჩამოერთვათ.
"სტერეო+ დამფუძნებელმა და მეპატრონემ 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ შემოგვთავაზა ეს სიხშირე სხვა მნიშვნელოვან ტექნიკურ მონაცემებთან ერთად. მე ვთხოვე ხელისუფლებასთან შუამდგომლობა საპატრიარქოს ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელს, ამ შემთხვევაში, მეუფე იაკობს. 2 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ საპატრიარქოს ნამდვილად მისცა ეს თანხა სიხშირის შესაძენად. დღემდე ამ სიხშირით მაუწყებლობს საქართველოს ტელევიზია და დანიშვნის პირველივე დღიდან 2017 წლის მარტამდე პასუხისმგებელი ვარ თითოეულ ფინანსურ მოქმედებაზე. საპატრიარქომ დანიშნა კიდეც შიდა აუდიტი, რათა ჩემთვის რამე გამოეჩხრიკათ, თვეების განმავლობაში მოქმედებნენ, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამიტომ ეს ჭორის გავრცელება და არაადამიანობა არის დისკრედიტაციის მცდელობა", - განაცხადა ინტერვიუში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ.