logo
ENG



ეტყობა კანონს, რომ ექიმების დაწერილია, თავმოყვარე იურისტი ამას არ შემოიტანდა - ჭიაბერაშვილი

14 ივლ 202011:28
3 წუთის საკითხავი
clock 636
4v50ptu75mjkj82.jpg

ზურაბ ჭიაბერაშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს არაკონსტიტუციურს უწოდებს - მისი თქმით, მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება, პარლამენტის გვერდის ავლით გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ან შეზღუდოს ადამიანების უფლებები.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა განმარტა, მთავრობას არ აქვს რაიმე კონკრეტული კრიტერიუმი ან გეგმა, უფლებების შეზღუდვის პირობებში როგორ უნდა იცხოვრონ მოქალაქეებმა - მსგავს ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს.

„არ მიწყენენ ჩემი კოლეგები, თუ ვიტყვი, რომ ნამდვილად ეტყობა ამ კანონს, რომ ექიმების დაწერილია - არცერთი თავმოყვარე იურისტი ამ კანონს არ შემოიტანდა. ანალოგიით აგიხსნით - რეგულარულად გვაქვს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამწვავება და საშიშროება, რომ რუსულმა ტანკმა შეიძლება გადმოკვეთოს ხაზი და წამოვიდეს თბილისისკენ. ამის გამო პარლამენტს არ მიუცია ბლანკეტური უფლება, საქართველოსთვის მთავრობისთვის ისე გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, რომ არ ჰკითხოს პარლამენტს.

ეს არის ზუსტი ანალოგია, როცა სიტუაციას იმის მიხედვით, რატომ გვჭირდება საგანგებო, აცხადებს საქართველოს პარლამენტი - ის წარმოადგენს ქართველ ხალხს. ეს არის სრულიად ანტიკონსტიტუციური დამტკიცების დღიდან.

ბატონო დიმიტრი, მინდა გაგახსენოთ ერთი რამ - 21 მარტს, როცა შემოვიდა მთავრობა საგანგებოს მოთხოვნით, „ევროპულმა საქართველომ“ მხარი დაუჭირა. 21 აპრილს აღარ დავუჭირეთ მხარი, რადგან მთავრობა ვალდებულია, წარმოადგინოს გეგმა, როგორ უნდა გაძლოს ხალხმა ასეთ კრიზისში. ასეთი გეგმა მთავრობას არ წარმოუდგენია. ისე დააჭირეთ მწვანე ღილაკს ხელი, არ ჩათვალეთ საჭიროდ მოგესმინათ გეგმისთვის. ამაშია პრობლემა - თქვენ ბლანკეტურად აძლევთ მთავრობას თანხმობას იმიტომ, რომ არც ელოდებით, რომ მთავრობა რაიმე გეგმას წარმოადგენს.

კრიტერიუმები - როცა ქვეყანა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, გვჭირდება კრიტერიუმები. ათობით, ასობით ინფიცირებული - რა არის კრიტერიუმი? რაღაც კრიტერიუმი ხომ უნდა არსებობდეს, რომ შევაფასოთ, გამოსაცხადებელია თუ არა საგანგებო მდგომარეობა?

ერთ-ერთი მიზეზი არის წინასაარჩევნო პერიოდი - სესიაზე ამის უფლება გინდათ მისცეთ ოცნებას იმიტომ, რომ ახლა სიის ფორმირება მიმდინარეობს და როცა სია გაირკვევა, აღარ აქვს იმედი. ყველა ეს დეპუტატი, ვინც კანონი უნდა მიიღოს, შეიკრიბება. თუ ასეთი წარმოდგენა გაქვთ კოლეგებზე, ეს ძალიან სავალალოა - ეს ადამიანები იღებდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა. 

კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.


close დახურვა