პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე, მხარი დაუჭირა.
ხელისუფლებას სურს, რომ 15 ივლისამდე დაწესებული შეზღუდვები, 2021 წლამდე გაახანგრძლივოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ, კომიტეტზე გადანაცხადა, რომ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება, რადგან ის ვირუსის გავრცელების პრევენციას მოახდენს.
"წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის წინააღმდეგი, მხოლოდ ერთი დეპუტატი, "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება, პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა.