ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება ღრმა შეშფოთებას იწვევს და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას სერიოზულად არღვევს.
ორგანიზაცია ხაზს უვსამს, რომ ძალის არაპროპორციულმა გამოყენებამ მომიტინგეები და ჟურნალისტები დააზიანა, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო.
"ძალის არაპროპორციულმა გამოყენებამ გავლენა იქონია მომიტინგეების და ჟურნალისტების დიდ რაოდენობაზე საპროტესტო აქციების დროს, სადაც მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო. მშვიდობიანი შეკრების უფლება არის თავისუფლება - ეუთოს ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველას ჰქონდეს მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება. ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით და სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისად, აუცილებელი და პროპორციული. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების აგრესიულ ქმედებებს უნდა უპასუხონ არაპროპორციული და განურჩეველი ძალის გამოყენების გარეშე.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება ადამიანის უფლებათა მრავალ დოკუმენტშია გათვალისწინებული. ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება დაიცვას ეს უფლება და უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, როგორც კანონით, ასევე პრაქტიკით. ODIHR მოუწოდებს ეუთოს რეგიონის ქვეყნებს, დაიცვან ვალდებულებები, რომლებიც მათ აღებული აქვთ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და ყველა სხვა ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემის თაობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.